ყოველი დღის „პროგრამა მინიმუმი“


წარსულს ვერ შევცვლით, მომავალი კი - ბუნდოვანია და იმ შემთხვევაში, თუ დღეს კარგად ვიცხოვრებთ, გუშინდელი დღე სიზმრად, ხვალინდელი კი - იმედიან მომავლად წარმოგვიდგება.

საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს? ნუთუ საჭიროა ჩვენი ცხოვრების ყველა პრობლემა ერთ დღეში გადაიჭრას? რა თქმა უნდა, არა! თუმცა დღევანდელი დღე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, რათა დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ იბრძვით და ნამდვილად იმსახურებთ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას.

მართალია, ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ყოველდღე შეგიძლიათ დაისახოთ შესასრულებელი მიზნების მინიმუმი.

 

გთავაზობთ საინტერესო პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურად.


1.„სწორედ დღეს ვიქნები მე ბედნიერი. ეს ნიშნავს, რომ მე ვიხელმძღვანელებ აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით: "ადამიანთა უმრავლესობა სწორედ იმდენადაა ბედნიერი, რამდენადაც მყარად გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ ბედნიერები."

2.„სწორედ დღეს, მე ვეცდები იმ ცხოვრებას მივესადაგო, რომელიც გარს მახვევია და არ შევეცდები ყველაფრის ჩემს სურვილებთან მისადაგებას.’’ 

3.„სწორედ დღეს, მე ვიზრუნებ საკუთარ ორგანიზმზე, ვივარჯიშებ, მოვუვლი ჩემს სხეულს, სწორად ვიკვებები, ვეცდები არ მივაყენო ზიანი ჩემს ჯანმრთელობას.”

4.„დღეს, მე ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვიქნები. მე ვეცდები, რომ გამოვიყურებოდე რაც შეიძლება კარგად, ჩავიცვამ იმას, რაც ყველაზე მეტად მიხდება. წყნარი ხმით ვისაუბრებ, თავაზიანად მოვიქცევი, ვიქნები გულუხვი შექებაში და ვეცდები, არავინ გავაკრიტიკო.”

5.„სწორედ დღეს, მე ვიცხოვრებ დღევანდელი დღით და არ შევეცდები, უცბად გადავწყვიტო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემები.’’

6.„სწორედ დღეს, მე ნახევარ საათს სიმშვიდეში და მარტოობაში გავატარებ და შევეცდები, მოვდუნდე.“

7.„დღეს, ყურადღებას დავუთმობ ჩემი გონების განვითარებას. მე რაიმე სასარგებლოს ვისწავლი, არ ვიზარმაცებ, წავიკითხავ იმას, რაც მოითხოვს ძალისხმევას, გააზრებას და კონცენტრირებას."

8.„სწორედ რომ დღეს, მე შევუდგები ზნეობრივ სრულყოფას. ამისათვის მე განზრახული მაქვს სამი რამ განვახორციელო: ვინმეს რაიმე სასარგებლოს გავუკეთებ, სულ ცოტა ორ საქმეს გავაკეთებ, რომელთა გაკეთებაც არ მინდა."

9.„დღეს მე გავაკეთებ ჩემი საქმეების ჩამონათვალს, რომ ზუსტად ვიცოდე, რისი მოსწრება შემიძლია.’’

10.„სწორედ დღეს, მე არ შემეშინდება არაფრის, განსაკუთრებით კი არ შემეშინდება ბედნიერების, სილამაზით ტკბობის და სიყვარულის.”
   

ხშირ შემთხვევაში, უქმად ვატარებთ ხვალინდელ დღეს, ისევე, როგორც გუშინდელსა და დღევანდელს. შეგახსენებთ, რომ საათი არ ჩერდება, სწორედ ის საათი, რომელმაც ათვლა დაიწყო ჩვენი დაბადებისთანავე და რომელიც ოდესღაც გაჩერდება... ამასთანავე, გვეძლევა შესაძლებლობები და ეს ყველაფერი ჩვენგან ძალისხმევას მოითხოვს. 

ჩვენ უნდა დავაფასოთ ცხოვრების ყოველი წუთი - ეს წუთები ისე უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ მათ დაკარგვას ვერც კი ვამჩნევთ. და მაინც, დრო კიდევ გვაქვს. ისევ გვაქვს უამრავი შანსი - უამრავი შესაძლებლობა, მრავალი წელი, რომ დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. დადგება ხვალინდელი დღე, შემდეგ კვირა, თვე და წელი, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებთ, ისინი უქმად დაიხარჯება ისევე, როგორც გასული დღეები, თვეები და წლები. დრო უსასრულო არ არის. დაიწყეთ მისი გამოყენება ამ წუთიდან! 

 

| გააზიარე
მოგწონთ?