ბედნიერება - უფრო მეტი, ვიდრე შეგრძნება


„გისურვებ ბედნიერებას“ - ეს ის ლამაზი სიტყვებია, რომლებიც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს უთხრან კეთილგანწყობის ნიშნად. 

ალბათ, თითოეულ თქვენგანს სურს, იყოს ბედნიერი. მაგრამ იცით კი, რა არის ნამდვილი ბედნიერება, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი და რაში გამოიხატება ის?!

დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერების ზუსტი ფორმულირება არ არსებობს. ისეთი, რომელიც ყველას მოერგება. ბედნიერება არ არის მხოლოდ გრძნობა, მატერიალური უზრუნველყოფა ან საბოლოო კეთილდღეობა.

ხშირად ადამიანები შეცდომას უშვებენ, ყოველდღიურ ყოფაში ივიწყებენ დეტალებით ტკბობას. ეჭიდებიან დიდ და რთულად მისაწვდომ ბედნიერებას, იმის იქით ვეღარაფერს ამჩნევენ და სწორედ მაშინ კარგავენ იმ მთავარს.

 

გსურს უფრო ხშირად იყო ბედნიერი? მაშინ დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები და უპასუხე მათ:

 

● რა გხდის ბედნიერს?

● რა გაფერხებს ბედნიერებამდე?

● როგორ გადალახო ის შემაფერხებელი ფაქტორი?  

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო ცალხაზოვნად მიჯაჭვული იმ ერთ გამიზნულ ბედნიერებაზე, რომელსაც თითქოს მომავალში ელოდები. მიმოიხედე ირგვლივ და იპოვე ის წვრილმანი, რაც იმ წამს, იმავე ადგილზე გაგაღიმებს, გამოიწვევს დადებით ემოციას შენში. შემდეგ შენს გულში გამოყავი ადგილი და პირობითად ,,ბედნიერების სკივრი“ დაარქვი. ეს პატარა, წამიერი ღიმილები, სიხარული, კმაყოფილება, გამარჯვება, კომპლიმენტი და ა.შ. შეინახე ამ  სკივრში და ეცადე, რაც შეიძლება მეტი „განძი“ დააგროვო.

გახადე ჩვევად ყველაფერში დადებითის პოვნა. თუ პესიმიზმი გეწვევა, მაშინვე ჩაანაცვლე ის რაიმე სასიამოვნო ფიქრით და ნება არ მისცე განწყობა გაგიფუჭოს. იმუშავე საკუთარ თავზე, ეკონტაქტე დადებით და ბედნიერ ადამიანებს.

ცადე, დააკვირდი ხალხს ქუჩაში, ეძებე ბედნიერი სახეები და ნახავ, როგორ ინსტიქტურად გაგეღიმოს და გადმოგედოს განწყობა. გაეცი თუნდაც მცირე, მაგრამ გულწრფელი კომპლიმენტი, ღიმილი, გულითადი სალამი და ნახავ, სხვების კეთილგანწყობა შენც როგორ აგავსებს სიხარულით. ბედნიერება უნდა გახადო შენი ხასიათის თანმდევი, რადგან ეს შენს პროდუქტიულობაზეც აისახება. როდესაც  ბედნიერი  და კმაყოფილი ხარ, საქმეს უფრო ნაყოფიერად და გაცილებით ნაკლებ დროში აკეთებ, ვიდრე სევდიანი და გაბრაზებული.

ნუ მოაკლებ თავს ამ სიამოვნებას, უბრალოდ გაიღიმე, შეირგე თითოეული წამი და ნახავ, როგორ გადაიქცევა ბედნიერება ჩვევად.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?