გზა, რომელიც საკუთარი თავის პოვნისთვის უნდა გაიარო


თუ ფიქრობ, რომ მე უკვე ვიპოვე საკუთარი თავი და ახლა ელოდები მზა ინსტრუქციას ცდები: მეც გზის დასაწყისში ვარ.

 

ახლახანს მივხვდი რომ ცხოვრება რომლითაც ვცხოვრობ, ის არ არის რისთვისაც მოვედი ამ ქვეყნად. ჩვენ ყველა განსაზღვრული მიზნით მოვდივართ ამ სამყაროში, უბრალოდ ზოგი მთელ ცხოვრებას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში ატარებს და მთავარი ავიწყდება. დღემდე მეც ასე ვცხოვრობდი!

 

უბრალოდ შეჩერდი! შეჩერდი და დაფიქრდი. მე გთავაზობ ჩემთან ერთად გაიარო ეს გზა - საკუთარი თავის პოვნის.

 

თუ ამას კითხულობ, გილოცავ! - შენ უკვე მიხვდი, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და რაღაცის შეცვლა გადაწყვიტე.

 

რითი დავიწყოთ? პირველ რიგში ის უნდა გავიგოთ - რა გვინდა, რა არის ის საქმე, რისი კეთებაც გვიყვარს, ან რა გვაქვს ისეთი, რაც სხვას არ აქვს - ანუ რა არის ჩვენი უნიკალური თვისება, რისი მიცემაც შეგვიძლია სამყაროსთვის.

 

ჩვენ შეიძლება გვგონია რომ არაფრით გამოვირჩევით და ის რაც ჩვენ შეგვიძლია ან გვაქვს სხვებსაც აქვთ. სწორედ ის, რაც ძალიან მარტივია ჩვენთვის, შესაძლოა სხვებისთვის ძალიან რთულია. ან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ სხვას რა უნდა ვასწავლოთ ან რაში დავეხმაროთ, თავად ბევრი გვაქვს სასწავლი და თავადაც ბევრ რამეში დახმარება გვჭირდება, მაგრამ გარწმუნებთ, არსებობენ ადამიანები, ვისი დახმარება ჩვენც შეგვიძლია.

 

და მაინც, თუ ჯერ ვერ გაეცი პასუხი კითხვას - ,,რა არის საქმე რომელსაც სიყვარულით გავაკეთებ?''  მარტივ ხრიკს გასწავლი, რომელიც დაგეხმარება პასუხის პოვნაში. ძილის წინ დაუსვი ეს კითხვა საკუთარ თავს, ამ კითხვით დაიძინე და დილას სასწაული მოხდება - შენ გაიღვიძებ პასუხით!

აიღე ფურცელი და კალამი და ჩაიწერე - ესაა შენი უნიკალურობა! თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღებ პასუხს, არ დანებდე, გააგრძელე - დაწერე ეს კითხვა და არ მოეშვა სანამ პასუხს არ მიიღებ. როცა საკუთარ თავს ვიპოვით, ჩვენ უკვე ჩვენი ნამდვილი ცხოვრების გზის დასაწყისში ვართ!

წინ დიდი და საინტერესო გზა გველოდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი - იქნება ბევრი აღმართი და დაღმართი, მრავალი დამარცხება და გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს წარმატებამდე!

| გააზიარე
მოგწონთ?