მაგიური სიტყვები


ბავშვობიდან გვესმის ფრაზა: "არასდროს დანებდე", თუმცა დროთა განმავლობაში ამ სიტყვებმა თითქოს მნიშვნელობა დაკარგეს. აუცილებელია, გავაცნობიეროთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: დიდი განსხვავებაა ამ ორი სიტყვის გააზრებასა და რეალურად განხორციელებას შორის. მარტივია, დააჯერო საკუთარი თავი, არ დანებდე, მაგრამ რთულია, იდეას შეასხა ხორცი.

ასაკის მატებასთან ერთად სამყაროს ვარდისფერი სათვალით აღარ ვუყურებთ. მკაცრი რეალობა ყოველ ახალ დაბრკოლებასთან მიახლოებისას დანებებისკენ  გვიბიძგებს. ასეთ დროს კი მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას შეუძლია, ცხოვრების გაგრძელების მოტივაცია მოგვცეს. ზოგჯერ დაცემის გარეშე შეუძლებელია ამ გზის გავლა, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო არის არა ის, თუ რატომ ვეცემით, არამედ ის, თუ როგორ მოვახერხებთ წამოდგომას.

დიახ, რთულია, იპოვო საკუთარი თავის რწმენა, თუმცა - არა შეუძლებელი. ყოველი ახალი ეტაპი მცირე მოტივაციით იწყება, რაც წარმატების ცეცხლს აღვივებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინსპირაციის წყარო სწორად შეარჩიო. ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს ის, ამიტომ ნუ მოაქცევთ საკუთარ თავს ჩარჩოში, ეძებეთ ინსპირაცია ყველაფერში: ადამიანებში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ბუნებაში... ერთ მონოლოგს, ციტატას ან სულაც ბგერას შეუძლია თქვენი სულის იმ სიმს შეეხოს, რომელიც წამში სხეულს აქამდე არარსებულ ენერგიას შთაბერავს.

იდეა, რომელიც ფანტასტიკის ნაწილი გვგონია, რეალობის ნებისმიერ მომენტში განხორციელებადია. როგორ ფიქრობთ, ილონ მასკს მარსის კოლონიზაციის იდეა აუსრულებელ ოცნებათა "ოთახში" რომ გამოეკეტა და მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დანებებულიყო, განვითარების რომელ სტადიაზე იქნებოდა დღეს კოსმოსის ათვისების საკითხი? მან თქვა, რომ "ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია, გახდეს არაჩვეულებრივი", და ეს ასეცაა. წარმატების მიღწევა გარდაუვალია. მართალია, ეს გზა მარტივი არაა, მაგრამ მთავარია ძალისხმევა და ტრიუმფამდე მისასვლელი ნებისყოფა.

ახალი დღე  მოტივაციით უნდა გავსებდეს. უნდა იღვიძებდე იმისთვის, რათა ცხოვრებას აზრი შესძინო.  დისციპლინა, საკუთარი თავის რწმენასთან ერთად,  ის მთავარი ფაქტორია, რომელიც თავიდან სულაც არ გავს მოტივაციის "ჭეშმარიტ" ძალას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ იგი  განხორციელებული მიზნის ძირითადი საფუძველია.

სამოტივაციო ფრაზებმა, ერთი შეხედვით, თითქოს დროის დინებასთან ერთად დაკარგეს ეფექტი, თუმცა ეს ასე არი არის. მთავარია, საკუთარ თავს თვითონ შთავაგონოთ მათი "მაგიური" ძალა. იპოვეთ ინსპირაციის წყარო და ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს: "მე არასდროს ვნებდები!"

| გააზიარე
მოგწონთ?